პროექტი
ბუნება ჯანმრთელობის დაუშრეტელი წყაროა,
„ჩვენ ბუნებაში ვართ–იგი ჩვენშია,
ცოცხალნიც მისნი ვართ და მკვდარნიც.“
დიდი ვაჟას ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა.
უდავოა, რომ ადამიანთა კეთილდღეობა და მათი მომავალი დიდად არის დამოკიდებული ბუნებაზე. მასში წარმოიშვა, განვითარდა და ცხოვრობს ადამიანი. ადამიანი და ბუნება–ეს არის მეტად რთული და ურთიერთდაკავშირებული ურთიერთობების კომპლექსი.
პროექტის სახელი: სამკურნალო მცენარეები
პროექტის მოკლე აღწერა: დღეს, როცა საკმაოდ ძვირი ჯდება ექიმთან ვიზიტი და სამკურნალო წამლები, ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებად გვესახება სამკურნალო მცენარეების გამოყენება, რომელიც დიდ როლს შეასრულებს ავადმყოფების გაჯანსაღების საქმეში.
მოსწავლეები დაინტერესდებიან საქართველოში გავრცელებული სამკურნალო მცენარეებით და მათი მნიშვნელობით, ისინი მიზნად დაისახავენ, შეისწავლონ ბუნებაში არსებული სამკურნალო მცენარეების თვისებები და შეძლებენ ამ მცენარეების გამოყენებით ნაყენების დამზადებას, რითაც დაეხმარებიან ავადმყოფებს.
პროექტის სრული აღწერა: მართალია, დღეს ქიმიური პრეპარატებით მკურნალობას არავინ უარყოფს, მაგრამ იგი ერთის მხრივ თუ კურნავს დაავადებულ ორგანიზმს, მეორეს მხრივ მოსალოდნელია, უკუ შედეგებიც მოგვცეს და უარყოფითად იმოქმედოს ზოგიერთ ჯანმრთელ უჯრედზე, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ხალხურ მედიცინას.
მოსწავლეები შეისწავლიან ჩვენს რაიონში გავრცელებულ იმ მცენარეებს, რომლებსაც სანკურნალო თვისებები გააჩნია.
დედოფლისწყაროში გავრცელებული სამკურნალო მცენარეებია: მრავალძარღვა, მოცვი, გვირილა, კრაზანა, ქაცვი, შვრია, ოხრახუში, უნაბი, ასკილი, ნიორი, ჭანგა, შავბალახა, მატიტელა, სამყურა ბალახი, ვარდკაჭაჭა, ჭინჭარი, ბარამბო, ბალბა და სხვა.
მოსწავლეები მიზნად დაისახავენ, შეძლებისდაგვარად დარგონ თავიანთ საკარმიდამო ნაკვეთზე სამკურნალო მცენარეები და გაუფრთხილდნენ მათ.
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სამკურნალო მცენარეებზე და შემდეგ მოხდება აზრთა ურთიერთგაზიარება.
პირველი ჯგუფი ახლობლებიდან მოიძიებს ინფორმაციას სამკურნალო მცენარეებზე.
მეორე ჯგუფი შეისწავლის ამ სამკურნალო მცენარეების თვისებებს.
მესამე ჯგუფი შეისწავლის სამკურნალო მცენარეების ნაყენის მომზადების წესს.
დავალების შესრულების შემდეგ ყველა ჯგუფი ერთმანეთს გაუზიარებს მოძიებულ თუ შესწავლილ ინფორმაციას და ექნებათ სრული წარმოდგენა სამკურნალო მცენარეებზე.
მონაწილეთა ასაკი–8–9 წლიანები
ვადები/ხანგრძლივობა–1კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოყენება.
ახლობლებიდან მოძიებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება, სამკურნალო მცენარეების ჰერბარიუმების დამზადება. დისკუსიის გამართვა. ფოტომასალის შეგროვება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიძენენ კვლევით უნარ–ჩვევებს, შეისწავლიან ჩვენს რაიონში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეების თვისებებს, შეექმნებათ წარმოდგენა, როგორ უნდა შეძლონ მკურნალობა
ოჯახურ პირობებში და როგორ დაეხმარონ ახლობლებს. შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება საინტერესო მასალა სამკურნალო მცენარეებზე.
სარგებელი სხვებისათვის: ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მეშვეობით მაძიებლები გაეცნობიან სამკურნალო მცენარეებს და შეძლებენ იმკურნალონ ოჯახურ პირობებში.
სამუშაო ენა: ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ლეილა ფიროსმანაშვილი
No comments:
Post a Comment